ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა გაფიცვა დაასრულეს

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა ორდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშაობა განაახლეს.

მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იმერეთის გუბერნატორისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით მოხდა.

შეხვედრაზე გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს, ხოლო კომპანია ,,ტოდინი ტაკენაკას" ადმინისტრაცია თავის მხრივ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დასთანხმდა.

იტალიურმა კომპანიამ ერთი კვირის ვადაში დასაქმებულები წყლით, კვებისა და სანიტარული პირობების დაცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით უნდა უზრუნველყოს. ამ ეტაპზე ავტომაგისტრალზე სამუშაოები სრული დატვირთვით ხორციელდება.

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია ორი დღის წინ გამართეს. 50-მდე ადამიანი ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებდა.