ეგვიპტის ხელისუფლებამ ტურისტებისათვის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც თევზების გამოკვებას, დანაგვიანებასა და მარჯნის რიფების ჩამოტეხვას კრძალავს.
მათი განცხადებით, დღეისათვის ეგვიპტის მიზანს გაეროს გარემოსდაცვითი სტანდარტების სრულიად დაცვა და ქვეყნის ფლორისა და ფაუნის დაცვა წარმოადგენს.
მდგრადი განვითარების ფარგლებში დღეს ეგვიპტეში უამრავი პროექტი ხორციელდება. ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ტურისტულ ზონებს ექცევა.
ეგვიპტე განსაკუთრებულ ყურადღებას წითელი ზღვის რეგიონს უთმობს, სადაც მხოლოდ გასულ წელს 3 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ამ რეგიონში ფუნქციონირებს 500-მდე კომპანია, რომლებიც მსურველებს წითელ ზღვაში ჩაყვინთვასა და ნავით გასეირნებას სთავაზობენ, რაც გაუფრთხილებლობის გამო ხშირად აზიანებს წითელი ზღვის ფლორასა და ფაუნას.
ამასთან, დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც ტურისტებმა მარჯნის რიფები ჩამოტეხეს, რათა თან სუვენირად წაეღოთ. ასევე გახშირდა თევზების გამოკვების ფაქტები, რაც ხშირად მათი სიკვდილით სრულდება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეგვიპტის ხელისუფლებამ ტურისტებისათვის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც თევზების გამოკვებას, გარემოს პლატიკური ნარჩენებით დანაგვიანებასა და მარჯნის რიფების ჩამოტეხვას კრძალავს.
ახალი რეგულაციები ძალაში 2020 წლიდან შევა. დღეისათვის ტურიზმი ეგვიპტის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს დარგს წარმოადგენს. მხოლოდ 2018 წელს ქვეყანას 11 მილიონი ტურისტი ეწვია.