უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა მთვარეზე ფეხი პირველად დადგა და კაცობრიობის წინაშე ახალი გამოწვევა - კოსმოსის ათვისება გაჩნდა. მას შემდეგ დაიწყო ათობით სხვადასხვა პროექტზე მუშაობა, რომელთა მიზანსაც კოსმოსის უკეთ შესწავლა და სამომავლო პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის კალიფორნიაში დაარსებული The Getaway Foundation. კომპანია გეგმავს შექმნას მომავლის ხომალდი-სასტუმრო, რომლის მეშვეობითაც კოსმოსში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი.
მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასტუმრო მზად 2025 წელს იქნება და პირველ კოსმოსურ მოგზაურობას 2027 წლისთვის დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსური მოგზაურობა დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და მსურველებს კოსმოსში ერთხელ გასეირნებისთვის 250 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.
ამასთან, როგორც ცნობილია სასტუმროს ნომრები სტანდარტული სასტუმროების მსგავსად იქნება მოწყობილი, თუმცა მისი ფანჯრებიდან დედამიწისა და კოსმოსის დანახვა იქნება შესაძლებელი.
სასტუმროში განთავსებული იქნება უამრავი გასართობი და სათამაშო ზონა, რათა მისმა მგზავრებმა არ მოიწყინონ.
ხომალდს ნომრების გარდა დიდი სპორტული დარბაზი ექნება, სადაც სტუმრები სპორტული აქტივობების შესრულებას შეძლებენ. მათ შორის ერთ-ერთი რამდენიმე მეტრის სიმაღლის კალათბურთის კალათი იქნება, სადაც დიდ სიმაღლეზე ახტომა და ბურთის ჩაგდება კოსმოსის უწონადობის პირობებში შესაძლებელი იქნება.