Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი მიმართულება დაამატა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით“ სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

პოზნანი პოლონეთის რიგით მეექვსე მიმართულებაა, სადაც დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის ,,მუსიკალურ დედაქალაქად წოდებულ“ ქალაქ პოზნანში რეისებს ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.

,,10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 7 ახალი მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარის მიმართულებით სრულდება. მათ რიცხვს დღეიდან პოლონეთის ქალაქი პოზნანიც დაემატა. საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის უკვე 28 ქალაქის მიმართულებით არის მოხვედრა შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია",- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა (587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.