„ვეფხისტყაოსანი“ – ეს არის პოემა, რომელიც არამხოლოდ ქართულ, ასევე მთელი მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. შოთა რუსთაველი კი დღემდე რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ პოეტად, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაშიც თვალსაჩინო ადგილს იკავებს.
რუსთაველის პორტრეტი არაერთ ცნობილ მხატვარს შეუქმნია (ს. ქობულაძე, ი. თოიძე, ვ. იოჰანსენი, ლ.გუდიაშვილი...) მაგრამ ამჯერად ჩვენ მისი პორტრეტის ციფრულ ვერსიას ვიხილავთ, რომელზეც წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ გრაფიკულმა დიზაინერმა, შოთა გოჩიტაშვილმა იმუშავა.
შოთას დიდი პოეტის დასახატად ბევრი შრომა დასჭირდა. მან ი. თოიძის მიერ შესრულებული შავ-თეთრი პორტრეტით იხელმძღვანელა და სცადა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა პოეტის სახე, სამოსი, თვალის ფერიც კი.
– როგორი იყო რუსთაველის პორტრეტზე მუშაობის პროცესი?
– თავიდანვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან როდესაც იმ პოეტის პორტრეტის ხატვას იწყებ, რომელიც ყველამ იცის და ყველა უდიდეს პატივს სცემს, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყო. ამასთანავე, ნამდვილად საჭირო იყო რუსთაველის ფერადი, თანამედროვე, პორტრეტის შექმნა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს აუცილებლად ციფრული უნდა ყოფილიყო. ვცდილობდი ნახატის ყოველი დეტალი კარგად შემესწავლა, სწორედ წარმომედგინა ფერები, სამოსის ქსოვილი და შემდეგ ეს ყველაფერი ციფრული სახით წარმომედგინა.
– მუშაობის პროცესში მთავარი სირთულე რა იყო?
– ყველაზე შრომატევადი სამოსის დეტალების გადმოტანა იყო. ვეცადე, მაქსიმალური სიზუსტით გამემეორებინა ის დეტალები, რომლებიც ძველად მდიდრულ სამოსს ჰქონდა. ბეწვის ფაქტურის შესაქმნელად ასობით პატარა დეტალი დამჭირდა, რომლებიც ხელით დავამუშავე და გავაერთიანე. ხელითვეა მოხატული მწვანე ფერის სამოსი, რომელიც შოთას პორტრეტზე აცვია. მეკითხებიან ხოლმე, რატომ აქვს შოთას მწვანე თვალები. ნახატს რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მუქი თვალები არ ექნებოდა და ვიფიქრე, რომ თავდაპირველად მხატვარმა მწვანე ჩაიფიქრა.
შოთა რუსთაველის პორტრეტი ბლოკნოტსა და კალმის ბუდეს ამშვენებს. მის ფონზე კი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფები იკითხება, რომლებიც ოქროსფერი გრავირებით არის შესრულებული. ბლოკნოტის ყველა გვერდს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები ამშვენებს. ასევე, ოქროსფერი გრავირებითაა შესრულებული პოემის პირველი სტროფის პირველი სტრიქონი, რომელიც კალამზეა დატანილი.
ასე რომ, შოთა რუსთაველის ციფრული პორტრეტი უკვე არსებობს. მისი მიხედვით შექმნილი ბლოკნოტებისა თუ კალმების შეძენა კი წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ფილიალებში შეგიძლიათ. „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული ბლოკნოტებისა და კალმების კოლექცია საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველსთვის, ვისთვისაც „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ეროვნული საგანძური, მნიშვნელოვანია.