მერე რა, რომ მე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ჩემს მიმართ ბრალდებები და კითხვები რატომ არის ელექტროსისტემაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით? ელექტროსისტემას ჰყავდა ხელმძღვანელი და ჰქონდა თავისი „გაიდლაინები“, როგორ გასცემდა პრემიას და დანამატს, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემაში გამოვლენილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ელექტროსისტემაში რამდენიმე ათასი თანამშრომელი მუშაობს და 3 წლის განმავლობაში 12 მილიონის დახარჯვა ანაზღაურების მიმართულებით შეიძლება ალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს.
„მე არ ვყოფილვარ ელექტროსისტემაში და არ ვყოფილვარ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ელექტროსისტემაში ჩემი მეუღლის მუშაობას, ეს დღეს არ გაგიგიათ და კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც ჰქონიათ საუბარი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 3-4 წელია მუშაობს ქონების სამსახურში, რა მიმართულებითაც ჰქონდა გამოცდილება. მანამდე საჯარო რეესტრში მუშაობდა.
მერე რა, რომ მე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ჩემს მიმართ ბრალდებები და კითხვები რატომ არის ელექტროსისტემაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით? ელექტროსისტემას ჰყავდა ხელმძღვანელი და ჰქონდა თავისი „გაიდლაინები“ როგორ გასცემდა პრემიას და დანამატს. რამდენიმე ათასი თანამშრომელი მუშაობს ელექტროსისტემაში და 3 წლის განმავლობაში 12 მილიონის დახარჯვა ანაზღაურების მიმართულებით შეიძლება არც იყოს ალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი. თუ რამე აქ ალოგიკური იყო, 3-4 წლის წინანდელ მოვლენაზე მოახდინოს რეაგირება აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ“, - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2014-2017 წლებში 77 მილიონ ლარამდე ზარალი ჰქონდა და ამავე პერიოდში, 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა.