ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ქართულ - გერმანულ ბიზნეს-შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა ნათია თურნავა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დისკუსიის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ასევე ტურიზმის, ლოგისტიკისა და მშენებლობის სექტორებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის სახით გვყავს სტრატეგიული პარტნიორი ევროპაში. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები არის ის გარანტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უფრო სტაბილური მომავალი და ეს სტაბილურობა შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს საქართველოში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, მათ შორის, გერმანელი ინვესტორებისთვის. „პირველ რიგში, ჩვენ რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს, მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ეს არის 2-3-ჯერ მაღალი ზრდა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმების წარმატების ობიექტური საზომი არის გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგები, სადაც, ბოლო წლებში, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა თავისუფალი ბიზნესის კეთების რეიტინგის, ბიზნესის თავისუფლების, დაბალი კორუფციის, საუკეთესო მმართველობის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ბევრი სხვა პარამეტრით.
„როდესაც ინფრასტრუქტურულ მიღწევებზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი როლი აქვს ისევ გერმანიის მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, ასევე გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ ის ინიციატივები, რომლებიც წამოვწიეთ ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტისას, აქტიურად იქნება მხარდაჭერილი და იმ 300-მდე გერმანულ კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობს, კიდევ ასეულობით კომპანია დაემატება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ადგილობრივ ბაზარზე გერმანული კომპანიების შემოსვლას. თავის მხრივ, გერმანული მხარის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემო აქვს.
მათივე ცნობით, მრგვალი მაგიდა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.