საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8 ოქტომბერს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით, საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კონფერენცია განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში.

კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება გააკეთებს მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას.

კონფერენციას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვიური მინიმალური ხელფასი საქართველოში ძალზედ დაბალია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის შემოღების შემდეგ, მისი ზრდა აღარ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების, ინფლაციის, ხელფასის ან საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად. 2006 წელს მხოლოდ საჯარო სექტორში განისაზღვრა უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი 135 ლარის ოდენობით. საარსებო მინიმუმი, ხანდაზმულობის პენსია და ყველა სხვა სოციალური დახმარება საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი. ასევე, დღემდე არ დამდგარა პოლიტიკურ დღის წესრიგში მინიმალური ხელფასის ზრდის პოტენციალისა თუ შესაძლებლობების განხილვა.

კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები გერმანიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური მისიებიდან,”- აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.