რისი აშენება იგეგმება ელბაქიძის დაღმართზე (+ფოტო)

ელბაქიძის დარმართის ტერიტორიაზე, კერძოდ, სანაპიროს ქუჩის N2 -ში და მის მიმდებარედ, შპს „ცენტრ პლაზა“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შესათანხმებლად კომპანიამ მერიას უკვე მიმართა.

„კომპლექსში განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები შესაბამისი ავტო - საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით.

საპროექტო წინადადებით შემოთავაზებულია საზოგადოებრივ -საქმიანი ზონა 1. ტერიტორიაზე შესვლა ხორციელდება როგორც საფეხმავლო, ასევე სატრანსპორტო ნაკადებისათვის. ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან შენობები განთავსებულია რელიეფის გათვალისწინებით და მათი გაბარიტები წარმოადგენს 3 -5 სართულიან დანაწევრებულ ნაგებობებს, რაც ისტორიულ კონტექსტთან სიახლოვით არის განპირობებული. სანაპიროს მხრიდან რელიეფის მკვეთრი ვარდნის გამო, შენობები, რომლებიც ესაზღვრება ჯავახიშვილის ქუჩას, წარმოდგენენ 8 -9 სართულიან მოცულობებს, რომელთა ნახევარიც პრაქტიკულად მიბჯენილია ფერდობს და ცალმხრივი ორიენტაციით არის მოცემული შიდა ეზოს ნაწილში. დომინანტ მოცულობას წარმოადგენს 18 სართულიანი ნაგებობა, რომელიც სანაპიროს მხრიდან განთავსებულია ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო -აღმოსავლეთით,“-აღნიშნულია განაცხადში.

ცნობისთვის, შპს „ცენტრ პლაზა“ „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „ცენტრ პლაზას“ 100%-იანი წილის მფლობელი - შპს „ესარჯი რიალ ისთეითია“, რომლის 100%-იანი წილიც მალტაზე რეგისტრირებულ „კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედს“ ეკუთვნის.

თაია არდოტელი