„სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აუდიტი 2014-2017 წელს მოიცავს, 2018 წლიდან კი კომპანიას ახალი მმართველი გუნდი ჰყავს, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის დასკვნას.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის” ადამიანური რესურსების მართვის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ზიბზიბაძე აცხადებს, რომ გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა.
„სახელმწიფო აუდიტის დასკვნა შეეხება 2014-2017 წლებს. 2018 წლიდან „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის დასკვნას. გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა, მაგალითად 25%-ით შემცირდა რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი. ასევე კომპანიამ დონორების, საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტების დახმარებით თანამედროვე კორპორაციული მართვის სისტემის დანერგვის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდაოდ მომავალში ხელს შუწყობს ეფექტიანობისა და გამჭვირვალლობის კიდევ უფრო ზრდას“,-აცხადებს მიხეილ ზიბზიბაძე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2014 – 2017 წლები 77 მილიონ ლარამდე ზარალით დაასრულა და ამავე პერიოდში, 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დაუსაბუთებელი პრემია გასცა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2014-2013 წლებში სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური მდომარეობა გაუარესდა და ყოველწლიურად კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანებების შემცირების ნაცვლად, ელექტროსისტემის ვალდებულებები იზრდება.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ელექტროსისტემის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100%-ს ფლობს სს „საპარტნიორო ფონდი“. კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმით ფუნქციონირებს 2011 წლიდან. ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ფლობს და ექსპლოატაციას უწევს 3,350 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. ელექტროსისტემა 2008 წლიდან 2023 წლამდე იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, რაც მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით.