საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა

2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი);
  • მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

თაია არდოტელი