„მინიმალური ხელფასი 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, 20 ლარია და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება"

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში.

„ახლა პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, სადაც სამუშაო ჯგუფში ჩვენც, შრომის სამინისტრო აქტიურად ვართ ჩართულები. მუშაობა მიმდინარეობს შრომის კოდექსის ცვლილებებზე, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის, ქალებისა და მამაკაცებისათვის. რა თქმა უნდა, არის ასევე მინიმალურ ხელფასზეც საუბარი, თუმცა შრომის კოდექსში ეს განმარტება არ არის. ორგანული კანონი მინიმალურ ხელფასს არ არეგულირებს. საჭიროებაა, რომ ცალკე დარეგულირდეს მინიმალური ხელფასი. თუ რამდენი იქნება მინიმალური ხელფასი, როგორი ფორმით იქნება დაანგარიშებული, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესშია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის საშუალო ხელფასი, რომელიც საქართველოში 1200 ლარია და საარსებო მინიმუმი, რომელიც თუ არ ვცდები, დაახლოებით 185 ლარია. ეს 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი მინიმალური ხელფასის დაანგარიშებისას.

არსებული მინიმალური ხელფასი მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, არის 20 ლარი და რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არც რეალობას შეესაბამება და არც რეალისტურია. შესაბამისად, ამიტომაც მიმდინარეობს ახლა დისკუსიები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას გააკეთებს.