2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 99.51%-ით ანუ 610 შემთხვევით არის გაზრდილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში კომპიუტერული დანაშაულის 1 223 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 65 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 5.31%-ია.
2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი რეგისტრირებული იყო 613 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 72 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 11.75% იყო.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვა. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).