არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უახლოესი პერიოდი ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2020 წელს ტურისტული მიმართულებით 115 მილიონი ლარი დაიხარჯება და სექტორში გადაწყვეტილებები ბიზნესთან კომუნიკაციით იქნება მიღებული.
„მიხარია, რომ ბიზნესთან, როგორც იქნა ვნახეთ დრო და საქმიან გარემოში შეგვიძლია კონკრეტულ მიზნებზე და პრობლემებზე ვისაუბროთ. საერთოდ მიდგომა არის ძალიან მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ეკონომიკის მდგრადი განვითარება ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებული ვართ, რომ დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნესგარემოზე, ბიზნესის განვითარებაზე და შესაბამისად, იმაზე რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას. ესაა ჩვენი ძირითადი მიზანი, ამიტომ დავიწყეთ ტურისტული სექტორით, რამეთუ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ძალიან დიდი.
მოგეხსენებათ 2018 წელი ჩვენს დავამთავრეთ 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლოებით 3.2 -3.3 მილიარდი დოლარის შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოწვევები ძალიან ბევრია, რომელზეც ჩვენ ახლა აქ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი სექტოში გადადგმული არ იქნება თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უახლოესი პერიოდი ვიმოქმედებთ. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მთავრობის ფუნქცია აქ რა არის. მთავრობის ფუნქციაა, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და რა თქმა უნდა, დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა და ტურისტული მიმართულებით 2020 წლის ბიუჯეტში 115 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ახლა ჩვენი ამოცანაა ამ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდეთ, ეფექტურად და სწრაფად როგორ ვხარჯავთ ამ ფულს,“-განაცხადა გახარიამ.