თინათინ ზოიძემ აჭარა ზალცბურგის ევროპის სამიტზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ზალცბურგის ევროპის სამიტს ესწრება.

ღონისძიებაზე, რომელშიც 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ოფიციალური პირი მონაწილეობს, თინათინ ზოიძემ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასთან ერთად მან საქართველოს ევროპულ მომავალსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ზალცბურგის ევროპის სამიტი ავსტრიაში ევროპის რეგიონების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც ევროპის 23 ქვეყნის 130 რეგიონი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი და საწარმოა გაერთიანებული. მათ შორისაა აჭარა, რომელიც ევროპის რეგიონთა ინსტიტუტში 2012 წელს გაწევრიანდა. სამი დღის განმავლობაში პარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ევროპასა და მშვიდობაზე საუბრობენ, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა. ზალცბურგის ევროპის სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.