გიორგი გახარია - ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან არ განვიხილავთ

ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ტურიზმის სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორში არსებული რიგი საკითხები, რომელიც მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს იყო, მოგვარებულია.

„შეხვედრაზე იყვნენ მსხვილი ქსელური ოპერატორები, რომლებსაც შევხვდით და ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. მინდა გითხრათ, რომ ორი წლის გასვლის შემდეგ, რაც ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესია, ასევე არის სისტემური საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგებიც მალე გვექნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ფრენების სუბსიდირების საკითხს, გახარიამ განმარტა, რომ რუსეთიდან ფრენების სუბრიდირება არ განიხილება, თუმცა სუბსიდირება ის ინსტრუმენტია, რომელიც ზოგადად კარგად მუშაობს.

„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ფრენების სუბსიდირების ნაწილში ძირითადად იყო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. პირდაპირი ფრენები ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. რა თქმა უნდა, სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო და მისაღები ქვეყნისა და ტურიზმის განვითარებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.