საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "თბილისის განვითარების ფონდის" ახალ მენეჯმენტს შეხვდა.
როგორც თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თემურ ხომერიკმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის დევიზია - "ფასადებს მიღმა უნდა შევქმნათ გაზაფხული". მისი თქმით, ადამიანები ცხოვრობენ ფასადურ, ლამაზ შენობებში, თუმცა, არ აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები.
"დღემდე უკანონოდ არიან ადამიანები საკუთარი სახლიდან გაყვანილი. წლობით ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელს და ფონდის წინა ხელმძღვანელმა იზრუნა იმაზე, რომ ეს ყველაფერი არაკანონიერი ყოფილიყო. ჩვენ ამას მოვაქცევთ კანონის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოწვეულები ვართ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით. ამ შეხვედრაზე მოწვეულია ყველა ის მხარე, რომელმაც პატარა წვლილი უნდა შეიტანოს ან კრიტიკული, ან მხარში დგომით გაკეთებულ საქმეში", - განაცხადა თემურ ხომერიკმა.
მისივე განცხადებით, დღეს დედაქალაქი ამ ფასადური ფონიდან უნდა გადავიდეს საქმეზე.
"ჩვენ უნდა შევქმნათ პროექტები, რომლებიც დაასრულებს გაუსაძლის სიტუაციას თბილისში. ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა შევთავაზოთ, რომ მოხსნას ბიუროკრატიული ბარიერები, რათა ინვესტორები და დონორები თამამად შემოვიდნენ დედაქალაქში, ისე, რომ არ დაიკარგოს ქალაქის სახე", - აღნიშნა "თბილისის განვითარების ფონდის" ახალმა ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ფონდი ემიჯნება წარსულს. "ჩვენ ვემიჯნებით წარსულს, მაგრამ არა ვალდებულებებს. ის ფირმები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს, მიიღებენ თანხებს და მოსახლეობაც მიიღებს ბინებს. მომავალში ყველა ასეთი პროექტი იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაში ჩაწერილი", - აღნიშნა თემურ ხომერიკმა.
საია-ს წარმომადგენლის სულხან სალაძის თქმით, ფონდის მენეჯმენტის მხრიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გამოყენება, რაც უაღრესად ზრდიდა შესაძლო კორუფციული გარიგებების ალბათობას. მისივე თქმით, ფონდი ასევე საეჭვოდ ფიგურირებს უძრავი ქონების გასხვისების საქმეში და დღემდე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება "თბილისის განვითარების ფონდის" საქმიანობასთან დაკავშირებით.