„2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრაზე ვერ დავაყენებთ, მოგმართავთ თხოვნით, გადახედოთ ამ ციფრებს"

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი კენჭისყრაზე არ დააყენა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ არსებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რამდენადაც რიგი მიმართულებებით დაფინანსება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს მოთხოვნილი იყო და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრაზე ვერ დააყენებს.

მან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაკაურიძეს, რომელმაც კომიტეტზე ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, თხოვნით მიმართა, რომ მთავრობასთან შედგეს კონსულტაციები და ბიუჯეტის პროექტი უკან განახლებული ციფრებით შევიდეს კომიტეტზე.

„ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ გაზრდილ მაჩვენებელს ნებისმიერ სექტორში , მაგრამ ჩვენ ვართ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორედ ამ დარგის პრიორიტეტიზაცია. ზოგადად 4 მილიონით ვამცირებთ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობისა და მცნარეთა დაცვის მიმართულებით სახსრები. მესმის, რომ ფაროსანაზე შეიძლება იმდენის დახარჯვა აღარ იყოს საჭირო, რაც წელს ან შარშან, მაგრამ ეს ჯერ არ ვიცით და სანამ შეჯამება არ მოხდება ნაადრევი მგონია. ასევე, შემცირებული გვაქვს ვეტერინარიული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი, ეს ძალიან მძიმე საკითხია. ერთიანი აგროპროექტის ნაწილში მოთხოვნილი იყო 265 მილიონი და მხოლოდ 129 მილიონზე შეჯერდით, ასევე მაინტერესებს პროგრამა „დანერგე მომავალი“ რატომაა ასე იგნორში? ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვქონდა მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, რომელშიც 35 მილიონი იყო მოთხოვნილი და 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ამ შემთხვევაში რას ვუშვებით ჩვენ იმ 17 მილიონამდე მოთხოვნას, რომელზეც ხელისუფლებას პირობა აქვს მიცემული, რომ დაუკმაყოფილდებათ, ესაა 500-მდე ბენეფიციარი. ესაა მთელი რიგი საკითხები, რის გამოც ჩვენ დღეს ვერ დავაყენებთ აღნიშნულ ბიუჯეტს კენჭისყრაზე, მე მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ ამ ციფრებს, გაიაროთ კონსულტაცია მთავრობაში და დაბრუნდეთ უკვე განახლებული ციფრებით“, -განაცხადა დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის რესურსი გადანაწილებულია და რაიმე მიმართულებით გაზრდა სხვა მიმართულებით შემცირებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ. 2020 წლის ბიუჯეტი პროექტს მხარი უკვე დაუჭირა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.