ბიუჯეტის პროექტი ნამდვილად ითვალისწინებს მთელ რიგ მიმართულებებით ძალიან კარგ წახალისებას, თუმცა აგრარული მიმართულებით ამას ვერ ვიტყოდი, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.
ოთარ დანელიას თქმით, სექტორში ზოგიერთი მიმართულებით დაფინანსება შემცირებულია და წარმოდგენილ პროექტში არის პრინციპული საკითხები, რაც ჩასასწორებელია.
„მაგალითად ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობა, მოსავლის ასაღები ტექნიკის დაფინანსება, სადაც ისედაც დავალიანება გვაქვს, ზოგადად გადამამუშავებელი მრეწველობები, რომელიც ერთიანი აგროპროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული, მევენახეობა, მეღვინეობა და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში დაფინანსება არის შემცირებული, რაც კიდევ უფრო ბევრ კითხვას ბადებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით პრინციპულები ვართ. საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად ნაკლებია დაფინანსება, ვიდრე მოთხოვნილი გვქონდა. ჩვენ გვესმის, რომ ყველა სამინისტროს მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არის ობიექტური მოთხოვნები. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და თითოეულ მათგანს ეხება ეს. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ძალიან პრინციპული. მე ვერ ვიტყოდი, რომ პრიორიტეტი შეიცვალა, თუმცა როგორც ჩანს, სათანადო პრიორიტეტულობით არ დადგა საკითხი“,-აცხადებს ოთარ დანელია.
მისივე თქმით, სამუშაო ფორმატებში მოხდება საკითხის განხილვა და რადგან „ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პარლამენტი შედის ყველა იმ პასუხისმგებლობაში, რომელსაც მთავრობა იზიარებს“.
კითხვაზე, ხომ არ ჩათვლის მმართველი გუნდი ოთარ დანელიას პოზიციას საბოტაჟად, დანელია პასუხობს, რომ პირიქით, გუნდი „ობიექტურად უყურებს“ და ეს მისი პირველი განსხვავებული პოზიცია არ არის.
ცნობისთვის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი კენჭისყრაზე არ დააყენეს, ამის მიზეზად ის შენიშვნები დასახელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსებას ეხება.