საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხა არის გათვალისწინებული და ეფექტურად ხარჯვის შემთხვევაში, კარგი შედეგები დადგება. ამის შესახებ კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა.
ამასთან, ის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას პოზიციას გამოეხმაურა, რის გამოც დანელიამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე არ დააყენა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდის რესურსი არ არის და დღეს არსებული საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება სამართლიანია.
„დღეს მე დეპუტატების შენიშვნები ვერ მოვისმინე. მოვისმინე ოთარ დანელიას პოზიცია, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეტი რესურსის გამოყოფა სურს. რესურსი რეალურად არ არის, ვერ დავუშვებთ, რომ დეფიციტი გავზარდოთ და სესხები ავიღოთ დამატებით იმისთვის, რომ გარკვეული სუბსიდირებების მოცულობები გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხა არის გათვალისწინებული, მათი ეფექტურად ხარჯვის შემთხვევაში შედეგები კიდევ უფრო კარგი გვექნება, ვიდრე წინა წლებში გვქონდა. შესაბამისად, აქ დიდ ცვლილებებს არ ველოდები. უბრალოდ იმის რესურსი არ არის, რომ სხვა მიმართულებებს მოაკლდეს და ამ მიმართულებით გადმოვიდეს. თუ პარლამენტი შეჯერდება, რომელი მიმართულებით იქნება შესაძლებელი თანხების შემცირება, ეს იქნება პენსიების, განათლების, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის თუ სხვა, მაშინ, რა თქმა უნდა შიდა გადანაწილება შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ რაც დღეს გვაქვს არის ყველაზე სამართლიანი გადანაწილება და დამატებითი რესურსების არ არსებობის პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები“, - აცხადებს კაკაურიძე.
ცნობისთვის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, დოკუმენტი კენჭისყრაზე არ დაუყენებიათ. კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას თქმით, დოკუმენტში აგრარული მიმართულებით გათვალისწინებული თანხები იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნილი იყო.