საქართველოდან განხორციელებული პროდუქციის ექსპორტს ბოლო 15 წლის განმავლობაში დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა, ქვეყანა სტაბილური სავაჭრო პარტნიორებისა და მაღალშემოსავლიანი საექსპორტო პროდუქტების ძიების პროცესშია. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შეგვიძლია მოვიაზროთ დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, რამდენადაც მარტივია დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი, იმდენად არასტაბილურია.
PMCG-ის მონაცემებით, 2008-2018 წლებში საქართველოდან სულ 23,5 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აქედან, ყველაზე მეტი პროდუქტი, მეზობელ აზერბაიჯანში (16.5%), სომხეთსა (9,2%) და თურქეთში (8,7%) გავიდა. თუმცა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რუსეთსა და ჩინეთში.
„მხოლოდ 2017 და 2018 წლების მონაცემებს თუ განვიხილავთ, წილობრივად ყველაზე მეტი 13.7% ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, ხოლო აზერბაიჯანში 12.7%. ამავე პერიოდში, გაიზარდა ჩინეთის წილი 6.6%-მდე. ფაქტია, რომ ქართველი მწარმოებლები და ექსპორტიორები ახალი ბაზრების ძიებაში არიან. მაღალ გადახდისუნარიანი და სტაბილური ევროკავშირის ბაზარი ძალიან მომხიბვლელია, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც. 2008-2018 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შეადგენდა საქართველოდან განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 21.87%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, როცა ევროკავშირში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის თითქმის 30% შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა ბულგარეთში (საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 28%), რასაც მოყვება იტალია (12%) და გერმანია (11%)“,-აღნიშნულია კვლევაში.