ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ცნობადობას გაზრდის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გამართულ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის წარდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შემფასებელი მისია - UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ აღნიშნული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს, მომავალ წელს დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დღეისათვის, UNESCO-ს მიერ საქართველოდან სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დაცული - სვანური კოშკები, გელათი და მცხეთა. ჩვენ პირველი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ იუნესკოს მიერ ბუნებრივი მემკვიდრეობის აღიარებაზე. როდესაც ტერიტორია შედის UNESCO-ს დაცული ტერიტორიების ნუსხაში, ამით მისი უნიკალურობის ხაზგასმა ხდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. ვფიქრობ, ტერიტორიების ეს სტატუსი ეკოტურიზმის შესაძლებლობასა და ცნობადობას გაზრდის, რაც უფრო მეტ მნახველს, ტურისტს, მკვლევარს და მეცნიერს მოიზიდავს. ყოველივე ეს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბოლო წლებში, ვცდილობთ დავნერგოთ ის სტანდარტები, რომელიც დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას უკავშირდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად, საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიებს სტუმრობდნენ UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ არსებულ ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს.
დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.
დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირების ინიციატივა, 2017 წლიდან გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება და უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
ბათუმში გამართულ კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.