რა უნდა იცოდნენ ქართველმა ფერმერებმა -  სოფლის მეურნეობის 10 პროდუქტი, რომელზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა

ევროპის საექსპორტო ბაზრის პოტენციალს კარგად ხედავენ საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ, ქვეყნის მხრიდან ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ აუთვისებელია. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციამ წარმოადგინა ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ტოპ-10 საიმპორტო პროდუქტი, რომელთა შორის ყავა ლიდერობს.

„პროდუქტებს შორის ლიდერობს ყავა, რომლის იმპორტმაც 2013-2017 წლებში თითქმის, 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყავისგან და პალმის ზეთისგან განსხვავებით, რომლთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება, ქართველი ფერმერებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს თითქმის ყველა დანარჩენი პროდუქტის იმპორტი. მაგალითად სოიო, რომლის იმპორტმაც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წლის განმავლობაში თითქმის 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასევე, საყურადღებოა სიმინდისა და თამბაქოს ნედლეულის მაღალი საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირში. დამატებით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტზე ორიენტირება ქვეყანაში პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობაა“,-აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოს გაცხადებული გეზიც ევროპისკენაა და ევროკავშირიც ცდილობს შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხოს ჩვენს სწრაფვას.

„ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რითიც საქართველომ მიიღო გარკვეული უპირატესობები სხვა იმპორტიორებთან შედარებით. შედეგად, ევროკავშირის მიმართულებით დინამიკა დადებითია, თუმცა პროცესები ნელა ვითარდება და სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ აუთვისებელია“,-აღნიშნულია კვლევაში.

ნინი ქეთელაური