პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, მათ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვთ და თუ ის გათვალისწინებული არ იქნება, ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

„ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების ზრდა, მათი რაოდენობის გაზრდა, ბავშვის კოდექსის საფუძველზე არსებული პროგრამების განხორციელებისთვის თანხები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გადავარჩინოთ სიღარიბეს, ძალადობას, არასათანადო პირობებს, ამიტომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხები, რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ და ისე არ დავუჭერთ ბიუჯეტს მხარს, თუ ეს მიმართულებები არ იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა აგრარულ საკითხთა კომიტეტსაც, სადაც დოკუმენტი, სწორედ ამ შენიშვნების გამო, კენჭისყრაზე არ დააყენეს.