რას გულისხმობს სავალდებულო ავტოდაზღვევა?

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონი ძალაში 2015 წელს შევა.

რას გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და რა ზიანს აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად bpn.ge საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს, ნინო გედევანიშვილს ესაუბრა.

გედევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კანონპროექტი მზადების პროცესშია, როგორც იურიდიული, ასევე ტექნიკური ნაწილის მიხედვით. მისივე განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან დაზარალებულისათვის ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

რაც შეეხება სავალდებულო ავტოდაზღვევის ღირებულებას, ეს საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. ”ამ ეტაპზე არ არსებობს სავარაუდო ინფორმაციაც კი, თუ რა ეღირება სავალდებულო ავტოდაზღვევა”, - ამბობს გედევანიშვილი.

”აღნიშნული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი და სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, ავტომანქანის არასათანადო მოვლა-პატრონობის და სხვადსხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების ალბათობა. სწორედ ამ კანონის მეშვეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველა მონაწილე, მათ შორის ქვეითად მოსიარულეც, იღებს გარანტიას, რომ დაცულნი იქნებიან მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ქონებაზე მიყენებული ზიანის დროს”,- აღნიშნულია საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ bpn.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კანონი ასევე გულისხმობს სპეციალიზირებული ფონდის შექმნას, რათა ანაზღაურდეს დაუზღვეველი, დაუდგენელი ან გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზარალიც.

თამარ კოტორაშვილი