გაერომ თანამშრომლებს შესაძლოა, მომავალ თვეს ხელფასები ვეღარ გადაუხადოს, თუ წევრი ქვეყნები არ გადარიცხავენ იმ თანხას, რაც მათ ეკუთვნით. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.
„ამ თვეს ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ღრმა დეფიციტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ რისკის წინაშე ვართ, რომ ნომებერში დავრჩეთ ფულის გარეშე“,- განაცხადა გუტიერეშმა გენერალური ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტში 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას.
მისი თქმით, გაეროს რეფორმებს საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, აშშ გაეროს მთავარი კონტრიბუტორია, მას ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხის 22 პროცენტი შეაქვს, თუმცა, როგორც „როიტერსი“ იტყობინება ვაშინგტონს დაახლოებით მილიარდი დოლარი აქვს წელს შესატანი. ამასთან, როგორც ცნობილია, ამჟამად მხოლოდ 129 ქვეყანას აქვს გადახდილი 2019 წლის გაეროს ბიუჯეტისთვის, რაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.