„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსორციუმიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და გავრცელებული ინფორმაცია არასწორ ინტერპრეტაციას უკავშირდება.
„თანამშრომლები არ გაგვიშვია. მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ასევე, ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი. რაღაც გაუგებარი ინტერპრეტაცია მოჰყვა თანამშრომლებთან სამომავლო გეგმების განხილვას, ვიღაცამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
რაც შეეხება იმას, რომ 15 ოქტომბერს იწურება ვადა, როცა კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორ ბანკებთან თანხების გამოყოფის თაობაზე შეთანხება უნდა წარუდგინოს, ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას და უფრო ვრცლად 15 ოქტომბრის შემდგომ ისაუბრებს.
„ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას. ვფიქრობ, უფრო ვრცელ განცხადებებს 15 ოქტომბრის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენც და მთავრობაც იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პროცესები,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კონსორციუმის პერსონალს განცხადებების დაწერა სთხოვეს.