კერძო ბიზნესი განათლების მხარდასაჭერად- როგორ ფინანსდებიან კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები

მაშინ როცა, ჯანსაღ და უვნებელ სურსათზე მოთხოვნა მაღალია, კვალიფიციური სურსათის ტექნოლოგის პოვნა კომპანიებისთვის მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მათი ნაწილი ამ სირთულეს უცხოელი სპეციალისტის მოწვევით უმკლავდება.

რაც უფრო მეტად ცდილობს საქართველო ევროპას დაუახლოვდეს, სურსათის უსაფრთხოების დაცვის უფრო მეტი ვალდებულება ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის, ახალგაზრდების ნაწილი სამომავლო პროფესიად სწორედ კვების პროდუქტების ტექნოლოგიებს ირჩევს.

სფეროს სწავლებით სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობს „აგრარული უნივერსიტეტი“, რომელმაც გასულ წელს, კომპანია „ნიკორასთან“ 4 საუკეთესო სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. სტიპენდიის დანიშვნის მიზანი სურსათის ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და პროფესიის პოპულარიზაციაა. ასევე, კომპანია უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს, საქართველოში ისეთივე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შრომის ბაზარი შეიქმნას, როგორიც კვების ტექნოლოგიების მიმართულებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ.

გასულ წელს, პროგრამის 4 სტუდენტი გამოვლინდა, რომელთაც ყველაზე მაღალი GPI-ის გამო „ნიკორას“ სტიპენდია მიიღეს. 2018 წელს შერჩეული 4 სტუდენტიდან ერთ-ერთი კურსდამთავრებული მარიამ გოგელიძე „ნიკორას“ თანამშრომელი გახდა.

ამ სემესტრის სტიპენდიანტები კვლავ არიან ელენე ღამბარაშვილი და ელენე ჯავახიშვილი. მათ ამ სემესტრიდან 20 წლის გიორგი კუკავა და დავით ივანიაძე შეუერთდნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ „ნიკორას“ ინიციატივა მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

ახალი სტიპენდიანტები მე-3 კურსზე სწავლობენ. ამბობენ, რომ კვების ტექნოლოგიების პროგრამის არჩევა მათთვის გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო კარგად არ არის განვითარებული.

გიორგი განმარტავს, რომ თავდაპირველად, კვების ტექნოლოგიების პროგრამაზე სწავლა ოჯახის გამო გადაწყვიტა (მისი ოჯახი პურის მცირე საწარმოს მართავს), თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ სწორ ადგილზე მოხვდა და ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაეგრძელებინა.

„მეოთხე კურსელებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი სპეციალობით დასაქმება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენთან მაინც მცირე შრომის ბაზარია, თუმცა მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. გვყავს საკმაოდ ძლიერი კურსი და დაახლოებით, 55 სტუდენტიდან დაახლოებით 15-ს მაინც ექნება ჩემთან და დავითთან მიახლოვებული GPI”, - აღნიშნავს ის.

გიორგის მიზანია, სფერო სიღრმისეულად შეისწავლოს და მომავალში პურის ან ხორცის მიმართულებით იმუშაოს. მისი თქმით, „ნიკორას“ ინიციატივა მისთვის დამატებითი მოტივატორია, თავის საქმეში საუკეთესო გახდეს.

„ვფიქრობ, რადგან ასეთ დახმარებას გვიწევენ, თუ ამის საშუალება მოგვეცა, ამ კომპანიაში ჩვენს წვლილს შევიტანთ. პირველი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობაში „ნიკორამ“ გადმოდგა და სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თუნდაც ამ კომპანიასთან თანამშრომლობას. ალბათ, თვითონ კომპანიის ინტერესიცაა, ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური კვების ტექნოლოგების დასაქმების ბაზარი შეიქმნას“, - აღნიშნავს გიორგი.

დავითს ჯერ ზუსტად არჩეული არ აქვს, ბაკალავრიატის პროგრამის დამთავრების შემდეგ, როცა მეტი თავისუფალი დრო ექნება, მიღებულ ცოდნას, როგორ გამოიყენებს, თუმცა იცის, რომ საკუთარი წარმოების შექმნა სურს.

„საქართველოში ბევრ კომპანიას უცხოელი ტექნოლოგები ჰყავს დასაქმებული, რადგან ადგილზე ვაკანსიის შესაბამისი კადრი ვერ იპოვნა. ალბათ, დრო რომ გავა, ჩვენი თაობა მათ ჩაანაცვლებს და სამუშაო ადგილებიც გამოჩნდება.

უნივერსიტეტში მიიჩნევა, რომ კვების ტექნოლოგობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდება და ბუნებრივია, სამუშაო ძალაც საჭირო იქნება. ზოგადად, ამ პროფესიაზე ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი იმატებს. სასიამოვნოა, რომ კომპანიების მხრიდანაც ასეთი წამოწყება არსებობს და ვფიქრობ, „ნიკორას“ მხრიდან სტუდენტების მსგავსად წახალისება ძალიან კარგი ნაბიჯია. ნამდვილად არ მქონდა სტიპენდიის მოლოდინი“, - განმარტავს ის.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის სტიპენდიანტობა ერთგვარი სტატუსია, სხვებისთვის კი დამატებითი მოტივაცია, უკეთესები გახდნენ და მომავალ წელს ეს ჯილდო თავადაც მიიღონ.