პროდუქტები, რომელსაც იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტის ზრდის პოტენციალი აქვს

ორგანიზაცია PMCG-იმ ის პროდუქტები წარმოადგინა, რომელთა ნაწილს ევროპაში ექსპორტის პოტენციალი აქვს, ნაწილს კი იმპორტირებულის ჩანაცვლება შეუძლია.

PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოს რეალობაში, ჟოლო, მაყვალი და ბროკოლი შედარებით ახალი პროდუქტებია, შესაბამისად, მათი მოვლა-მოყვანის მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ბროკოლის და სტაფილოს ევროკავშირში საექსორტო პოტენციალი დაბალია. თუმცა, მწარმოებლურობისა და ხარისხის ზრდის კვალდაკვალ ამ პროდუქტებს შეუძლიათ იმპორტის ჩანაცვლება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება ჟოლოს, მაყვლის, მანდარინის, დაფნისა და პომიდვრის საექსპორტო პოტენციალს, შედარებით მაღალია. თუმცა, მათი პოტენციალის ათვისება ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული.

ორგანიზაციამ თითეული ზემოთ აღნიშნული პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი ინდივიდუალურად განიხილა.

კერძოდ: ჟოლო - ქართველი ფერმერებისთვის შედარებით ახალი პროდუქტია იმდენად, რამდენადაც მისი ინდუსტრიულად მოყვანა და საექსპორტო პროდუქტად განხილვა ნაკლებად ხდებოდა. შესაბამისად, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟოლოს იმპორტი, რაც განპირობებულია ადგილზე წარმოების მოცულობის სიმცირითა და პროდუქციის სეზონურობით. სეზონურობა და ჟოლოზე მოთხოვნის მთელი წელი არსებობა განაპირობებს ჟოლოს როგორც ნედლი სახით, ასევე გაყინული ფორმით მოხმარებას. საქართველოდან ევროკავშირში გატანის შემთხვევაში ჟოლო განთავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჟოლო უნდა იყოს საკვებად უსაფრთხო.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჯერჯერობით ჟოლოს წარმოება საქართველოში სათანადოდ განვითარებული არ არის, მწარმოებლის საშუალო ფასები კი კონკურენტულად დაბალია.

„ეს საქართველოს უპირატესობას აძლევს გახდეს მიმზიდველი ევროპის ბაზრისთვის და კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირში სხვა იმპორტიორებს. შესაბამისად, ამ კულტურას აქვს პოტენციალი წარმატებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა, ჩაანაცვლოს იმპორტი და მოხდეს მისი ევროკავშირში ექსპორტირება“,-აღნიშნულია კვლევაში.

მაყვალი - ერთი მხრივ, სულ რამდენიმე წელია რაც საქართველოში დაიწყო მაყვლის კულტივირებულად წარმოება. კვლევის მიხედვით, რეგიონების დონეზე, მაყვლის წარმოებაში ლიდერობს კახეთი, თუმცა სრულ მსხმოიარებაში მყოფი მაყვლის ბაღი ჯერჯერობით არ არსებობს. ასევე, რეგიონში არ არსებობს მაყვლისათვის საჭირო სამაცივრე მეურნეობა (შოკური მაცივარი) და არ ხდება მაყვლის ინდუსტრიულად გადამუშავება. შესაბამისად, საქართველოდან ევროკავშირში ჯერ მაყვლის ექსპორტის პრეცენდენტი არ არსებობს.

მეორე მხრივ, ევროკავშირის ბაზარზე როგორც ახალ ასევე გაყინული სახით მაყვალზე მოთხოვნა დიდია. ამასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარზე მაყვალთან დაკავშირებით არ მოქმედებს საბაჟო გადასახადები (სხვა ქვეყნებისთვის მაყვალზე გადასახადი შეადგენს 9.6%-ს), არც სატარიფო კვოტა.

„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რთულია მყარი და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად მოახერხებს ქართული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე შეღწევას და დამკვიდრებას. შესაბამისად პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით აქცენტის გაკეთება“,-აღნიშნულია კვლევაში.

ბროკოლი - PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად, ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით მაინც გადის მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი).

„ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბროკოლი ამჟამად უფრო მეტად იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ვიდრე ექსპორტზე გასვლის. შესაბამისად, უკეთესია მწარმოებლებმა ქართული ბაზრის ათვისებაზე გააკეთონ აქცენტი“- ნათქვამია კვლევაში.

მანდარინი - წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ აგრო-სასურსათო პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გადის და ყოველწლიურად შემოსავლები მოაქვს საქართველოს ეკონომიკისათვის. თუმცა, PMCG-ის ინფორმაციით, ქართული მანდარინის საექსპორტო ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მაღალი რისკის შემცველ ბაზრებზე მოდის მთლიანი ექსპორტის 90%-ზე მეტი (რუსეთი და უკრაინა).

კვლევის მიხედვით, მანდარინის შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებისათვის ფასი და ხარისხი შეიძლება არ იყოს მთავარი ფაქტორები კონკურენციაში წარმატების მისაღწევად, არამედ მომხმარებლისათვის ქართული მანდარინის (საცუმა) გაცნობა.

„ევროპაში მიღებულია ჯიში კლემენტინი, რომლისგან განსხვავებით ქართულ მანდარინს შედარებით მჟავე გემო აქვს. თუმცა ეს ნაკლებ შაქრიანობასაც განაპირობებს, რაც შეიძლება დადებითად აისახოს ქართული მანდარინზე შესაძლო მოთხოვნაზე. შესაბამისად, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ მანდარინს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ კარგი პოტენციალი ევროკავშირში ექსპორტირების კუთხით“,-აღნიშნულია კვლევაში.

სტაფილოს წარმოება საქართველოში სეზონურია და ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაფილოს წარმოება საქართველოში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება და 2014 წელს თუ 4.9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს 4-ჯერ ნაკლები სტაფილო იწარმოა. შესაბამისად, სტაფილოს მოხმარების შევსება ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით ხდება.

„დღევანდელი მოსავლიანობისა და წარმოების პრაქტიკის პირობებში, ევროკავშირში სტაფილოს ექსპორტი არამომგებიანია და შესაბამისად პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი დაბალია“,-ნათქვამია კვლევაში.

დაფნის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. დაფნის ძირითად სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს მშრალი ფოთოლი, რომელსაც, უმეტესად კვების მრეწველობაში, მედიცინასა და კოსმეტიკის წარმოებაში იყენებენ. PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული დაფნის უდიდესი ნაწილი გავიდა რუსეთში (40%), თურქეთში (24%) და უკრაინაში (17%).

„კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფნის წარმოება საქართველოში და ევროკავშირში ექსპორტი საკმაოდ პერსპექტიულია. თუმცა, ამ პერსპექტივის ასათვისებლად საჭიროა დაფნის მოვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, რაც გაზრდის დაფნის მოსავლიანობას და ხარისხს“,-აღნიშნულია კვლევაში.

პომიდორი საქართველოს ყველა რეგიონში მოჰყავთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოსტნეული კულტურებიდან ის ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება. კვლევის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთ უპირატესობას პომიდვრის გემოვნური თვისებები და ასევე კლიმატი წარმოადგენს, რომელიც ხელსაყრელია არასეზონური წარმოებისთვისაც.

„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ პომიდორს აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე. იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე პომიდვრის ექსპორტი წარმატებით განხორციელდეს, აუცილებელია საშუალო მოსავლიანობის გაზრდა და პომიდვრის წარმოების თვითღირებულების შემცირება. ასევე, სტანდარტების შესაბამისად ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული ექსპორტის საწინდარია“,-აღნიშნულია კვლევაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ზემოთ აღწერილი 7 პროდუქტის დეტალური ანალიზი კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ პრობლემები რომლებიც სოფლის მეურნეობაშია საკმაოდ კომპლექსურია და ცალკე აღებულ ფერმერს ან ექსპორტიორს მათი მოგვარება გაუჭირდება. შესაბამისად, საჭიროა წარმოების პროცესში მონაწილე ყველა რგოლის გამართული ფუნქციონირება.

ნინი ქეთელაური