კომპანია Google-ის ლონდონის ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები მიზეზად არასათანადო სამუშაო პირობებს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ Google-ის ოფისის დასუფთავებაზე კონტრაქტორი კომპანია Principle ზრუნავს. მის თანამშრომელთა ნაწილი დამსაქმებელს ავადმყოფობის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდაზე უარის თქმაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ მათ Google-ის ოფისში საქმე გაუორმაგდათ, რის გამოც 4 დასაქმებულს ფეხისა და ზურგის პრობლემა შეექმნა.
როგორც Business Insider წერს, აღნიშნული შემთხვევა ხაზს უსვამს Google-ის სამუშაო ძალის რამდენიმე კატეგორიად დაყოფას.
„სანამ 837 მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური გიგანტი მაღალი ხელფასების გამო ლეგენდარულ კომპანიად იქცა, კონტრაქტორი თანამშრომლები იმავე სარგებლობას ვერ იღებენ, რასაც უშუალოდ Google-ის დაქირავებულები. ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ეს Google-ის სამუშაო სივრცეში მეორე კლასის დასაქმებულის სტატუსად აღიქმება“, - განმარტავს Business Insider.
კომპანიამ გამოცემასთან განაცხადა, რომ დამლაგებლები სხვა კომპანიის თანამშრომლები არიან, რომელიც Google-ის კონტრაქტორია და მათი სამუშაო პირობები სწორედ Principle-მა უნდა განსაზღვროს.
Principle-ის ადმინისტრაცია კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.