ყველაზე თვალშისაცემი, რაც ბიუჯეტშია, არის ის, რომ სიტყვა სიღარიბე ნახსენები არ არის მთავრობის პრიორიტეტებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს, მთავრობამ როგორ უნდა მიაღწიოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც გარდამტეხი იქნებოდა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისთვის.
„არც კი ფიქრობენ, რომ სიღარიბე და გაჭირვება ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ეს ბიუჯეტი ისევე გააღრმავებს სიღარიბეს მომავალ წელსაც, როგორც განვლილი შვიდი ბიუჯეტი იყო „ქართული ოცნების" მხრიდან. ის, რომ ჩვენ სამუშაო ადგილები საკმარისი რაოდენობით არ გვექნება, დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლარი სუსტდება და ფასები მაღლა მიდის, ეს სწორედ „ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული და ბიუჯეტი ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა.
„ევროპული საქართველო“ მივიჩნევთ, რომ მინიმუმ 80-ლარიანი პენსიის ზრდის რეზერვია ბიუჯეტში, თუკი მთავრობა შეკვეცდა ბიუროკრატიულ ხარჯს, მაგრამ მხოლოდ 20 ლარს იმეტებენ. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თუ პოლიტიკა ისე მიჰყავს მთავრობას, რომ ფასები მაინც იზრდება, პენსიის მატებაც უბრალოდ წყალში გადაყრილი ფულია, პენსიონერი იქნება, სოციალურად დაუცველი, შშმ პირი თუ ნებისმიერი გაჭირვებული ადამიანი, შეღავათს ვერ მიიღებს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.