თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ორ რაიონში - დიდ დიღომსა და ვარკეთილში, მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას წამოვიწყებთ ძალიან მალე ორ კონკრეტულ რაიონში, ეს არის დიდი დიღომი და ვარკეთილი. გვინდა ყველა რაიონში გაჩნდეს ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსები, სადაც გაერთიანებული იქნება, საფეხბურთო, საკალათბურთო, სატრენაჟორო, ჭიდაობისთვის დარბაზები. იქნება ბიბლიოთეკა, კაფეები. ძალიან მაგარი პროექტია. ამ ორი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს მომავალში ზუსტად გვეცოდინება თარიღები, ვინ არის სამუშაოების შემსრულებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის „იმედის“ სარემონტო სამუშაოებს აპირებს.
„ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის „იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დატვირთული ინფრასტრუქტურაა. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურით, იქ არის საცურაო აუზი, საფეხბურთო მოედანი, მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, მძიმედ გამოიყურება თავისი შენობა-ნაგებობით. გადავწყვიტეთ ამ კონკრეტული ობიექტის სრული რეაბილიტაცია. ეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლის თებერვლის ბოლოს იქნება სამუშაოები დამთავრებული. მთლიანად განახლდება როგორც საფეხბურთო მოედანი, ასევე შენობა-ნაგებობა, თავისი გასახდელებით, შხაპებით, საცურაო აუზით მოწესრიგებული იქნება. ზოგადად, ასეთი ობიექტების არსებობა ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია და დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი სპორტული ობიექტი გაჩნდეს ქალაქში, ყველა რაიონში თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.