რა ქონებას ფლობს და როგორია შალვა თადუმაძის ფინანსური მდგომარეობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. თადუმაძეს პასუხების გაცემა მის განათლებასა და დიპლომთან დაკავშირებითაც მოუწია.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება. მათ შორის დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ამასთან, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს და როგორია გენერალური პროკურორის ფინანსური მდგომარეობა.

დეკლარაციის მიხედვით, გენერალურ პროკურორად მუშაობისას მისმა შემოსავალმა გასული წლის 16 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჯამში - 29 281 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში თადუმაძე 2018 წლის 16 ივლისიდან 16 დეკემბრამდე ჯერ მთავარი პროკურორად, ხოლო 16 დეკემბრიდან გენერალურ პროკურორად იწოდება. ამასთან, 2018 წლის 13 აპრილიდან 10 ივლისამდე პერიოდში თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რა დროსაც მისმა შემოსავალმა 31 500; ხოლო 1-ლი იანვრიდან 12 აპრილამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე - 28 000 ლარი შეადგინა.

2019 წლის 27 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თადუმაძე ფლობს 93 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 70 კვ. მეტრის ოფისი დედაქალაქში; 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში და 1100 კვ. მეტრის აგარაკი ნატახტარში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 8 370 ლარი, საკრედიტოზე კი - 15 000 ლარი ჰქონდა. მანვე გასული წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის სახით, 17 800 ლარი გადაიხადა.

თადუმაძეს ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 113 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციულ ფართს თბილისში, რომელიც 2018 წელს 90 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 120 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 11 600 დოლარი და 3 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, თადუმაძის მეუღლე კ/ს „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“, შპს „მარმარე საქართველოს“ და კს „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბის“ 100%-100%-იან წილებსა და შპს „ევრო აგროს“ 33%-იან წილს ფლობს. მის შვილს კი საბანკო ანგარიშზე - 7 727 დოლარი ჰქონდა.

თაია არდოტელი