ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ე.წ დაჭრილი თამბაქოს დაბეგვრას ითვალისწინებს

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატივას, რომელიც ე.წ დაჭრილი თამბაქოს დაბეგვრას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნედლეულზე, ერთ კილოგრამზე წესდება გადასახადი 60 ლარის ოდენობით.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, დღეს რედაქციულ შენიშვნებზე იყო საუბარი.

"პარლამენტმა ამ კანონპროექტის ძირითად პრინციპებს მხარი უკვე დაუჭირა. დარჩა მხოლოდ რედაქციული ნაწილი. შესაბამისად, მთელი ახალი რეგულაციებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოწესრიგდეს დაბეგვრის რეჟიმები. ხვრელები თუ არის დატოვებული კანონმდებლობაში, მოწესრიგდება, დაუბეგრავი, პრაქტიკულად ლეგალური კონტრაბანდა არ შემოვა რომელიმე პროდუქტის სახით-იქნება ეს თუთუნი, "აიქოსი", თუ თამბაქო. რაც შეეხება ფასს, ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ბავშვები არ დაიწყებენ 13 წლის ასაკში მოწევას. მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს პროდუქტი იყოს არახელმისაწვდომი ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები საწართველოში მოწევას იწყებენ 13 წლიდან და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა და ფასი საერთაშორისო გამოცდილებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კონკრეტულად ეს კანონმდებლობა ფასის გაზრდას არ ითვალისწინებს, არის მხოლოდ აქციზის მოწესრიგება",-აცხადებს აკაკი ზოიძე.

კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილია.