საბაჟოზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ქვეყნის საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 სექტემბერს "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან სომხეთის მოქალაქე ა.ა. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას 20 გრ მარიხუანა აღმოაჩინეს.

ამავე დღეს "ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი თურქეთის მოქალაქე მ.დ-მ გადმოკვეთა, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი: 19 აბი APRANAX PLUS.

ფსიკოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 36 აბი "კარბამაზეპინი", 4 აბი "ლირიკა" და 2 აბი "გაბაპენტინი" აღმოაჩინეს 29 აგვისტოს "სადახლო-საავტომობილოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე. პრეპარატები სომხეთის მოქალაქის, ტ.კ-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს.

საქმის მასალები შესაბამისად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ს მთავარ სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.