საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური ატაშე ეყოლება,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.
აღნიშნული საკითხით კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ ატაშეების შერჩევის პროცესი დროში გახანგრძლივდა.
“სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულ 6 პოზიციაზე შემოვიდა 9 განაცხადი. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 6, საიდანაც დავტოვეთ სამი. პირველ ეკონომიკურ დესპანებს მივავლენთ აშშ-ში, ბელგიასა და აზიაში - პეკინში,"- განაცხადა მიხეილ ნინუამ.
კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. კომიტეტზე ძირითადი შენიშვნები საგარეო უწყების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით გამოითქვა.
შეგახსენებთ, უწყებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაუდება 200 000 ლარით მცირდება.