60 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწია იმისთვის, რომ ფერმერებისთვის მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, წელს რეკორდული რაოდენობის რქაწითელის ჯიშის ყურძენი გადამუშავდა - 170 ათასი ტონა.
„რამდენიმე განკარგულებით მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ რომ განეხორციელებინა შესყიდვები იმ ყურძნის, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს. ამ შემთხვევაში, რეკორდული რაოდენობა გვაქვს. საბოლოოდ, სახელმწიფოს მოუწია საკმაოდ დიდი ჩარევა რქაწითელის ჯიშის ყურძნის დაბინავების კუთხით. იცით, რომ საფერავი მთლიანად კერძოს სექტორმა შეიძინა, რქაწითელი კი არის ძირითადად, შიდა მოხმარების და ნაწილი მიდის საბრენდე სპირტსა და კონიაკებში. სახელმწიფო, როგორც წესი, როდესაც ინტერვენციას აკეთებს, ახდენს საბრენდე სპირტის წარმოებას იმ ჭარბი ყურძნისგან, რომელსაც ბაზარი ვერ ითვისებს. ეს არის ფაქტიურად, სახელმწიფოს რეზერვები, რომელიც არ ფუჭდება, პირიქით, მისი ფასი უნდა იმატებდეს. რქაწითელის რეკორდული მოსავალი გვქონდა, დაახლოებით, 170 ათას ტონამდე ინდუსტრიულად გადამუშავდა ქვეყანაში. 60 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწია იმისთვის, რომ ფერმერებისთვის მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ. თუმცა, ეს იყო კერძო კომერციული კრედიტი, რომელიც აიღო სახელმწიფო კომპანიამ, მაგრამ არ იყო არც სახელმწიფოს გარანტია და არც სახელმწიფოს დაფინანსება. მას აქვს თავისი კაპიტალი და ჰქონდა თავისი რესურსები, მოძრავი თუ უძრავი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფის სახით საბანკო სექტორისთვის იყო უზრუნველყოფის წყარო. ეს არის ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს არასახელმწიფო ფულით და იმედი გვაქვს, ეს ოპერაციები მინიმუმ წამგებიანი არ იქნება კომერციულად. ამას ვნახავთ იმის მიხედვით, როგორი იქნება კონიუნქტურა“, - განაცხადა დავითაშვილმა.