სერვისი „მაქსიმი“ ბათუმში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მაქსიმს” ტარიფები არ შეუმცირებია. ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები დაუბრუნდა სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სერვისი „მაქსიმიდან“ აცნობეს. მათივე განმარტებით, უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ.

„მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღებისა სურვილისა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ.

ახლა სერვის “მაქსიმის” მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბათუმში არ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან. აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ.

„მაქსიმმა“ პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა შესთავაზა, თუმცა მათ ულტიმატუმის ენით მოქმედება გადაწყვიტეს. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანებს ხმას მივაწვდით“, - განაცხადა ბათუმში „მაქსიმის“ ოფისის ხელმძღვანელმა, თემურ ქობულაძემ.