„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია ეხმაურება სტუდია „მონიტორის“ მიერ რადიო „თავისუფლების“ საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტს.
„გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ „ჯივიპის“ მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
საწყის ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან).
რაც შეეხება თბილისის წყალსაცავს - ნედლი წყლის წყალაღება ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან. ჯივიპი წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.
პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.