საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები მიესალმებიან და მხარს უჭერენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აცნობეს.
კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.
„დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, პირიქით შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოზარდს და დაშავება ან გარდაცვალება გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ, ბავშვებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დამატებითი დაცვა სჭირდებათ, რასაც საბავშვო სამგზავრო სავარძლელი უზრუნველყოფს“, - ნათავამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 1012 16 წლამდე ბავშვი დაშავდა, ხოლო 21 კი გარდაიცვალა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება, რაც 70%-მდე ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსს.
აღნიშნულ განცხადებას უერთდებიან: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის (EASST)“, „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“, „იარე ფეხით“, ფონდი "ელი", „ურბანული ლაბორატორია“, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, ჰაბ ჯორჯია, ავტომრბოლელი და ექსპერტი მევლუდ მელაძე.