"ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ - ეს ბრძოლა შეუპოვარი და უკომპრომისო იქნება"

პრიორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მეთოდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გენერალური პროკურორი იყენებს, კარგად აპრობირებული მეთოდია ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები. ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე. მაგრამ სამწუხაროდ, პრიორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თქვენ თვითონ ნახეთ მისი გამოსვლა გუშინ. რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ! ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე - მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენს უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვება
11  კითხვა მამუკა ხაზარაძისა და “თიბისი”  ბანკის საქმის შესახებ
ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას შუამავლობას უარყოფს