გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39 ახალ პროექტს იწყებს

განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიუხედავად, კომპანიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის მასშტაბით წყლისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. რეგიონებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზებასთან ერთად, გამართული საკანალიზაციო ქსელები მოეწყოს, - ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, დღეს პარლამენტში, კომპანიის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, წყალარინების სისტემის 80% - რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ამ დროისთვის კომპანიის ოპერირების არეალში წყალარინების სისტემით უზრუნველყოფილია დაახლოებით 60%-70%. დაფარვის არეალში წყალარინების სისტემის 80% - რეაბილიტაციას საჭიროებს. კომპანიამ შეიძინა ქსელების სარეაბილიტაციო გასაწმენდი ავტომობილი (კროლი), რომლის სიმძლავრის ანალოგიც საქართველოში არ მოიპოვება. სპეცტექნიკა კომპანიის ბალანსზე არსებული გაბიდნული წყალარინების ქსელების გაწმენდას უზრუნველყოფს, რომელიც ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადებს, ხოლო ქსელები, რომელიც არ ექვემდებარება სპეცტექნიკით ექსპლუატაციაში დაბრუნებას, სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოებს საჭიროებს”, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ეკატერინე გალდავამ წყალარინების კუთხით რეგიონებში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც სრულიად ახალი, გამართული საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

„ამბროლაურის წყალარინების ქსელის მშენებლობას ვგეგმავთ, ფოთში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ასევე აბაშაში საცხოვრებელი კორპუსებისთვის ახალი ქსელის გაკეთებას ვგეგმავთ. მარტვილში კი,კ როგორც წყალარინების ქსელის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა არის დაგეგმილი. გარდა ამისა გაკეთდება დაბა ჯვარის კანალიზაციის კოლექტორი და გამწმენდი ნაგებობა, მესტიაში კი-წყალარინების გამწმენდი. გორსა და ხაშურში მოეწყობა როგორც წყალარინების ქსელი, ასევე გამწმენდი ნაგებობები. საკმაოდ მოცულობით სამუშაოები ჩატარდება იმერეთის რეგიონში, კერძოდ - ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ჭიათურაში, სადაც გაკეთდება როგორც ასეთი ქსელები, ასევე აშენდება ახალი გამწმენდი ნაგებობები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ მოვიცავთ დუშეთსა და დაბა ყაზბეგს. ასევე, კახეთში, ყვარელში ვგეგმავთ სრულიად ახალი ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას. გურიის რეგიონს რაც შეეხება, ჩოხატაურში მოეწყობა ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი გვაქვს ბაკურიანის წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა“, -განაცხადა, ეკატერინე გალდავამ.

წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით სულ 39 ახალი პროექტი დაიწყება. 2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, დამატებით 70 ათას აბონენტს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.