ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ყვარლის რაიონის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა.

თელავის რაიონის სოფელ სანიორეს მცხოვრებლების განცხადებით, სეტყვა გუშინ საღამოს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დასეტყვილია ყურძნის მოსავალი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 100 ტონა ყურძენი დაზიანდა. მისი თქმით, გლეხებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. გამგებლის ცნობით, დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო კომპანია "გრუზვინპრომი" 85 თეთრად ჩაიბარებს.

რაც შეეხება ყვარლის რაიონს, სოფელ შილდაში სეტყვა დაახლოებით 21:30 საათზე მცირე ინტერვალით ორჯერ განმეორდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები. ზარალის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ფლობს. როგორც ილია მზექალაშვილი აცხადებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დაიწყება.