სინგაპური დიაბეტთან ბრძოლის მიზეზით შაქრიანი სასმელების რეკლამებს კრძალავს

სინგაპური გაზიანი სასმელებისა და წვენების ნაწილის რეკლამების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერსის“ სინგაპურის რედაქცია წერს.

მათი ინფორმაციით, აკრძალვის შესახებ განცხადება სამშაბათს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. სინგაპურში დიაბეტის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

„როიტერსი“ წერს, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს, შაქრის შემცველი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს პროდუქციაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილების დატანა დაევალებათ.

„სინგაპურის აკრძალვა იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მექსიკასა და ბრიტანეთში, სადაც ბავშვებზე ზემოქმედების შემცირების მიზნით მაღალკალორიული საკვებისა და სასმელის რეკლამები ლიმიტირებულია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სინგაპური ასევე გეგმავს, შაქრიან სასმელებსა და მათ იმპორტზე გადასახადები დააწესოს, ზოგიერთ მათგანს კი რეალიზაციიდან საერთოდ ამოიღებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება კომპანია „კოკა-კოლაშიც“ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან და შაქრიანი სასმელების მოხმარების მაჩვენებელზე ის მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა