"60 ავტობუსი დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება - ყველა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძალიან ბედნიერი და გახარებულია"

„ავტობუსების 60 ერთეული დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება - ყველა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძალიან ბედნიერი და გახარებულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, წყნეთიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მან ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ და აღნიშნა, რომ დღეიდან დედაქალაქს ახალი ავტობუსები მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

„ვიმყოფებით წყნეთში, იცით, რომ გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი და პრეზენტაცია გავუკეთეთ იმ ავტობუსებს, რომელიც უკვე თბილისშია. დღეიდან ეს 60 ერთეული, იმ 220 ავტობუსიდან, მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა. მიხარია, რომ მგზავრები, მოსახლეობა, რომელიც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არის ბედნიერი, არის გახარებული, რადგან აქ გადაადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და აღარ დავიწყებ ამის ახსნა-განმარტებებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. როგორც გითხარით, წლის ბოლომდე ამ 220 ავტობუსიდან რაც დარჩენილია, აუცილებლად ჩამოვიყვანთ, გადანაწილებული იქნება სხვადასხვა მარშრუტებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. ასე რომ, გილოცავთ, მართლაც ძალიან მიხარია, ძალიან ლამაზი და კომფორტულია ჩვენი ავტობუსები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ადამიანები, ვინც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახლა ძალიან ბევრს გამოველაპარაკე და ყველა არის ძალიან ბედნიერი და გახარებული. წინ კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები გველოდება, რომელსაც ნელ-ნელა, მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად გაგაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.