თითქმის ყველა სკოლის ”ბუფეტში” დიდი დარღვევებია

სწავლის განახლებასთან ერთად, კვების ბლოკების კონტროლი აუცილებლად გაგრძელდება.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სწავლის დაწყებისთანავე სკოლებში კვების ბლოკების შემოწმება გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელები შემოწმების შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებენ, ე.წ. ბუფეტებში მაინც რთული სანიტარული მდგომარეობაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სკოლის კვების ობიექტი საერთოდ დახურა.

სააგენტოში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება მათი პრიორიტეტია. წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული სკოლა შემოწმდა, უმეტეს ობიექტზე აღმოჩენილია ეტიკეტირებისა და პროდუქტის შენახვის ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, სასადილოებში არ არის ცხელი და ცივი წყალი, რაც ართულებს ჰიგიენური ნორმების დაცვას.

არდადეგებზე სკოლების შემოწმება შეჩერდა და სწავლის დაწყებისთანავე ეს პროცესი გაგრძელდება. საჯარო სკოლების შემდეგ, კერძო სკოლების კვებითი ობიექტების კონტროლი დაიწყება.

არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო, თითქმის ყველა შემოწმებულ კვების ბლოკს მიეცა რეკომენდაცია. უმეტეს შემთხვევაში, " ბუფეტები" სარემონტო მდგომარეობაშია, რომელთა გამოსასწორებლად ოპერატორებს 2-3 თვე აქვთ.

მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ადასტურებს, რომ თითქმის ყველა შემოწმებულ სკოლაში სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სკოლების შემოწმება ხდება წინასწარი გაფრთხილებით, თუმცა ამის მიუხედავად, კვების ბლოკებში მაინც პრობლემებია. ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლებს გონივრული ვადა ეძლევათ, რომელიც ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით დგინდება.

"სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება -კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საკითხი მომავალ თაობას ეხება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სკოლა. სწავლის განახლებასთან ერთად, აუცილებლად გაგრძელდება მათი კონტროლი. სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ირღვევა ეტიკეტირების წესები, პროდუქტის შენახვა-რეალიზაციის ნორმა. ცხელი წყლის არარსებობის გამო, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელია. რამდენიმე სკოლის "ბუფეტი" საერთოდ დაიკეტა და მათ გარკვეული პერიოდი მიეცათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად",- ამბობს მადონა კოიძე.

მოსწავლეების მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ სკოლების სასადილოებში სანიტარული ნორმა დაცული არ არის და ისინი ბავშვებს ურჩევენ, სკოლაში კვებისგან თავი შეიკავონ.

"ჩემი შვილი თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საჯარო სკოლაში დადის. სკოლის დირექციას აქვს პრეტენზია, რომ ეს სკოლა გაცილებით მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე სხვა საჯარო სკოლები. როდესაც ბავშვი სკოლაში შევიყვანე, პირველ რიგში, საპირფარეშოთი და სასადილოთი დავინტერესდი. ვერ წარმომედგინა, "პრესტიჟულად" მიჩნეულ სკოლაში "ბუფეტი" ასეთ მძიმე მდგომარეობაში თუ დამხვდებოდა. მოუწესრიგებელია სველი წერტილები. არ დგას მაცივრები, სამზარეულო გასარემონტებელია. ბავშვს ვთხოვე რომ ამ "ბუფეტში" არასდროს შესულიყო. იმედია, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ სკოლასაც შეამოწმებს და დირექციას მის გარემონტებასა და ჰიგიენური წესების დაცვას აიძულებს",- ამბობს მშობელი მარიამ კაპანაძე.

სკოლების შემოწმებას აუცილებელ პროცესად აფასებს კიდევ ერთი მშობელი, ნანა გელაშვილი. იგი ამბობს, რომ იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც მისი შვილი დადის, აბსოლუტურად უგულებელყოფილია ჰიგიენური ნორმა.

"კარგი იქნება, თუკი ვინმე არა მარტო ბუფეტებს, არამედ, საპირფარეშოებსაც შეამოწმებს. წესრიგში არცერთი არ არის, რაც ძალიან მაღელვებს. ბავშვები ნახევარ დღეს სკოლაში ატარებენ და აუცილებელია, რომ სანიტარული ნორმა მაქსიმალურად იყოს დაცული. როგორ შეიძლება, რომ სასადილოში არ არსებობდეს, მაგალითად, მაცივარი, ბავშვებს საკვებს უდებდნენ დალაქავებულ თეფშებზე. საშინელი მდგომარეობაა", - ამბობს ნანა გელაშვილი.

საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2200 საჯარო სკოლაა, აქედან 218 - დედაქალაქში. უკვე შემოწმებული სკოლებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ანტისანიტარიის გამო, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 113-ე საჯარო სკოლის ბუფეტი დახურეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”