ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ფესტივალის სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მარნეულია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიური კერა, აქ არის აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მეცნიერებს ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს, ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო. 2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით - „ღვინობისთვე“, უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. „ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში ღვინის ფესტივალი უკვე გაიმართა თელავში, ხოლო 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალებს თბილისი და გურჯაანი უმასპინძლებს.
ქართული ღვინის დღეები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.