გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, თბილისში სასმელი წყალი შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, უსაფრთხოა, როგორც მიკრობიოლოგიური და ეპიდემიური თვალსაზრისით, ასევე ქიმიური შემადგენლობით. გარდა ამისა, ჩვენ სრულად ვენდობით „ჯივიპის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და ამას ადასტურებს სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევები“ - განაცხადა ნანა გაბრიაძემ.
კომპანია „ჯივიპის“ ცნობით, სტუდია „მონიტორის“ მიერ რადიო „თავისუფლების“ საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „ჯივიპიმ“ მოსახლეობას დეტალურად განუმარტა ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.
„ჯივიპი“ წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი.
შემოწმებას „ჯივიპის“ სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ“, - აღნიშნულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.