„კონტინენტალი“ ქმნის საბურავს, რომელიც მოძრაობისას დაიბერება

საბურავების და საავტომობილო მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელი გერმანული კომპანია „კონტინენტალი“ ახალი ტიპის კონცეპტუალურ საბურავზე მუშაობს, რომელიც მოძრაობის დროს, თავისით დაიბერება.

საბურავის კოდური სახელწოდებაა C.A.R.E. (დაკავშირებული. ავტონომიური. საიმედო. ელექტრიფიცირებული.) და ის ეკიპირებულია სენსორებით, რომლებიც მუდმივად აგროვებენ იმ მონაცემებს, რომლებიც საბურავის შესაძლო დაზიანების, ტემპერატურის, საბურავის შიგნით არსებული წნევის შესახებ ინფორმაციას იძლევა. სენსორების მიერ შეგროვილი ინფორმაცია გადაეცემა სისტემა „კონტიკონექტ ლაივს“, რომელსაც საბურავის პარამეტრების ცვლა შეუძლია.

კონცეპტუალური ბორბლის ყველაზე საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ის ცენტრიფუგული ტუმბოებით არის აღჭურვილი. ავტომობილის აჩქარებისას, ბორბლის შიგნით წარმოქმნილი ცენტრიდანული ძალები ტუმბოზე ზემოქმედებს და აირს კუმშავს. ამ ტუმბოების მეშვეობით, საბურავი ოპტიმალურ წნევას მუდმივად ინარჩუნებს. ამგვარად, მცირდება საწვავის ხარჯიც და გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობაც. ჭარბი შეკუმშული აირი, ასევე საბურავის შიგნით არსებულ ავზში ინახება და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად ავსებს საბურავის შიდა გარსს.

„კონტინენტალი“ ახალი ტიპის საბურავის წარმოების გეგმებთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. თუმცა არ მალავს, რომ C.A.R.E. კარგი გადაწყვეტაა რობო ტაქსებისა და ავტონომიური ავტომობილებისთვის, რომლებიც საკუთარ მდგომარეობას თავადვე გააკონტროლებენ.