პირები, რომლებიც გაზის დანადგარს თვითნებურად დაამონტაჟებენ/აღადგენენ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია.
კერძოდ, როგორც პროექტშია აღნიშნული, ბუნებრივი გაზის მოხმარება მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაცია საპასპორტო მონაცემებთან (მათ შორის, განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან) შეუსაბამოდ ან ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით, ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების შემთხვევაში კი – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამასთან, როგორც პროექტში ვკითხულობთ, დასჯადი ხდება საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა; ბუნებრივი გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისთვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაცია სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე. ცვლილებების თანახმად, ამ ქმედებების გამო ფიზიკური პირი 50 ლარით, იურიდიული პირი და საჯარო დაწესებულება კი – 500 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენის ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენის შემთხვევაში, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – ფიზიკური პირი 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი და საჯარო დაწესებულება - 1 500 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს მის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში უნდა მიეთითოს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში გაზდანადგარის გამოყენების შესახებ და ეს ოქმის შემდგენმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას.
ამასთან, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 2018 წელს გაზის განაწილების ლიცენზიატების მხრიდან ჩატარდა 1,035,823 გეგმური და არაგეგმიური შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა 124,945 დარღვევის ფაქტი. აქედან 123,633 დარღვევა გამოვლინდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლთან მიმართებაში, ხოლო 1,312 დარღვევა – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევებიდან 105,848 მომხმარებელს გაეთიშა/დაელუქა გაზდანადგარი. აქედან – 104,877 საყოფაცხოვრებო, ხოლო 971 – არასაყოფაცხვრებო მომხმარებელი იყო. დარღვევების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 26,085 მომხმარებელს. აქედან: 26,009 – საყოფაცხოვრებო, ხოლო – 76 არასაყოფაცხვრებო მომხმარებელი იყო.